logo
ENG



კალაძის თქმით, პრემიერის მამის მიერ ფულის გადახდაზე კითხვები "პროპაგანდის ახალი ფურცელია"

12 სექ 202314:21
3 წუთის საკითხავი
 
კალაძის თქმით, პრემიერის მამის მიერ ფულის გადახდაზე კითხვები "პროპაგანდის ახალი ფურცელია"

თბილისის მერი, კახა კალაძე აცხადებს, რომ დღეს უკვე "ახალი ფურცელი დაიწყო" პროპაგანდის. ასე პასუხობს ის პრემიერის მამის მიერ ჩარტერის ხარჯების გადახდასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას. კალაძე წინა დღეების მსგავსად იმეორებს, რომ დეტალური ინფორმაცია ირაკლი ღარიბაშვილის დეკლარაციაში აისახება.

"მთელი ამ დღეების განმავლობაში მიმდინარეობდა მიზანმიმართული შეტევა პრემიერმინისტრზე, მის ოჯახზე, არასწორი ინფორმაციის გავრცელება. მიუხედავად იმისა, რომ დარწმუნებული ვარ, აბსოლუტურად ყველაფერი იცით და ყველაფერი იცოდა ოპოზიციამ. მთელი ამ ხნის განმავლობაში პროპაგანდა ჰქონდათ იმისა, რომ თითქოს, ბიუჯეტის თანხები დაიხარჯა და ჰქონდათ მცდელობა, საზოგადოება შეეყვანათ შეცდომაში, მიუხედავად იმისა, რომ მეც და ჩემს თანაგუნდელებსაც ბევრჯერ მოგვიწია განცხადების გაკეთება, რომ ბიუჯეტიდან ერთი თეთრი არ დახარჯულა აღნიშნულ ფრენასთან დაკავშირებით.

დღეს, ნახეთ, როგორი სიტუაცია გაქვთ - დღეს უკვე მიიღეთ ინფორმაცია, კონკრეტიკა, მიუხედავად იმისა, რომ იცოდით ყველაფერი, დღეს უკვე ახალი ფურცელი დაიწყო პროპაგანდის. შეიძლება, ჩემი მხრიდან უხერხული იყოს დეტალებში შესვლა, თავად პრემიერი, ვიცით, თანამდებობის პირებს გვაქვს ვალდებულება, წარმოვადგინოთ დეკლარაციები - დაელოდეთ დეკლარაციას, ყველაფერი იქნება გაწერილი/მითითებული", - აცხადებს ის.

სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსის, ანზორ ჩუბინიძის მტკიცებით, ირაკლი ღარიბაშვილის მიუნხენში ჩარტერის ფული მისმა მამამ, ტარიელ ღარიბაშვილმა გადაიხადა.

7 სექტემბერს, საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსმა, ნინო გიორგობიანმა გამოაქვეყნა განცხადება და თქვა, რომ პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აგვისტოში აშშ-ში შვილთან ერთად ჩარტერული რეისით გაემგზავრა - მისი მტკიცებით, ხარჯი ბიუჯეტიდან არ გაწეულა.

მოგვიანებით სტრატკომმა ღარიბაშვილის აშშ-ში ჩასვლასთან დაკავშირებით მორიგი განმარტება გააკეთა და აღნიშნა, რომ ღარიბაშვილი ჩარტერით ევროპაში ჩავიდა, იქიდან ამერიკაში კი რეგულარული რეისით.

9 სექტემბერს TV პირველთან ინტერვიუში Georgian Airways-ის დამფუძნებელმა, თამაზ გაიაშვილმა დაადასტურა, რომ ქვეყნის პრემიერი გერმანიაში მისმა კომპანიამ, სამთავრობო თვითმფრინავით წაიყვანა - მისივე განცხადებით, თვითმფრინავი პრემიერის გასაფრენად სახელმწიფო დაცვის სამსახურმა შეუკვეთა. კერძოდ, როგორც გაიაშვილმა აღნიშნა, მთავრობისთვის თვითმფრინავებს ყოველთვის სახელმწიფო დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი, ანზორ ჩუბინიძე უკვეთავს.


close დახურვა